Loading data...
სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატოს შეხვედრაზე მიიწვიეს

სომხეთი და აზერბაიჯანი მიწვეულები არიან ნატოს შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო'ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის.

„მოველით, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, - თქვა ო'ბრაიენმა. 

მისივე თქმით, საერთო ჯამში ღონისძიებაში ნატოს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოაწყოს.

„ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში შეძლებენ შეხვედრას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ის როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. მაგრამ არსებობს კომუნიკაციის ბევრი არხი და ორივე მხარე ძალიან ეფექტურ პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ჩვენ ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას, როგორც მეგობრები, რათა მათ დავეხმაროთ“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოთქვა რწმენა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის შესახებ.

„მშვიდობის დამყარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 30 წელზე მეტხნიანი კონფლიქტის შემდეგ ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მიღწეული ბოლო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, - თქვა ო'ბრაინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.

„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ. ასე რომ, ეს არ არის შეთანხმებული ძალისხმევა. სომხეთი ცდილობს, სტაბილური სახელმწიფო გახდეს. ვფიქრობ, პარტნიორად, რომელიც დამოკიდებული არ არის რუსეთზე, რადგან რუსეთის დახმარება ხშირად გარკვეული პირობებითა და გავლენებით ხორციელდება, რაც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე“, - განაცხადა ო'ბრაიენმა.