1754228065
უცხოეთი
სომხეთი აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აანონსებს

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Eagle Partner 2025“ სომხეთში 12-დან 20 აგვისტომდე გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის და კანზასის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები მოიცავს სამშვიდობო ამოცანების მომზადებას და განხორციელებას.
„წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.