Loading data...
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდება

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევას, შეუერთდეს მის ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“.

„მთავარი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ კომიტეტის მანდატი ძალიან ფართოა და მას შეუძლია, სახიფათოდ შეარყიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, - განაცხადა გოლობმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დამშვიდებას ხელს შეუწყობს, დასაფასებელია, ეს მოწვევა სახიფათოდ ხელყოფს არა მხოლოდ ღაზაში მშვიდობის დამყარებას, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო წესრიგსაც“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტრამპმა ათობით მსოფლიო ლიდერი მიიწვია აშშ-ის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და რომლის თავდაპირველი მიზანიც ღაზაში კონფლიქტის დასრულება იქნება, შემდეგ კი საბჭო მუშაობას სხვა კონფლიქტების მოგვარებაზეც შეუდგება. ზოგიერთმა ლიდერმა უარყო ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ იმის შიშით, რომ ამან შესაძლოა, გაეროს მუშაობას ზიანი მიაყენოს.