Loading data...
სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს - ქვეყნის მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო კამპანიის წარმართვა აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნებამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული

სლოვენიის მმართველმა კოალიციამ ქვეყნის პარლამენტში დაჩქარებული წესით წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი „საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიის შესახებ“ კანონში. ინიციატივის თანახმად, იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნების ან რეფერენდუმის დღემდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული, საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზება და წარმართვა ეკრძალებათ.

გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს ე.წ. მესამე მხარეებს, დარეგისტრირდნენ კამპანიის ოფიციალურ ორგანიზატორებად, უწესებს მათ კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარს 10 000 ევროს ოდენობით და აძლიერებს აუდიტის სამსახურის მხრიდან ფინანსური კონტროლის მექანიზმებს. ამასთან, რეგისტრაციისა და ანგარიშგების წესების დარღვევისთვის ჯარიმები 350–800 ევროდან 7 000–10 000 ევრომდე იზრდება.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებებს ამომრჩეველთა ინტერესების დაცვის, გამჭვირვალობის გაზრდისა და დემოკრატიულ პროცესებში არაპირდაპირი უცხოური გავლენის აღკვეთის აუცილებლობით ხსნიან.

მათი განმარტებით, საარჩევნო და სარეფერენდუმო რბოლაში ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები უნდა მოქმედებდეს. კოალიციაში აცხადებენ, რომ ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებს უცხოური დაფინანსება უკვე 25 წელია აკრძალული აქვთ, დაუშვებელია, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური ფინანსებით ახდენდნენ გავლენას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.

ინიციატივის მომხრეები ასევე ეყრდნობიან ეუთოს რეკომენდაციებს მესამე მხარეების საქმიანობის რეგულირების შესახებ და აღნიშნავენ, რომ შეზღუდვა შეეხება ნებისმიერ იურიდიულ პირს - მათ შორის ბიზნესასოციაციებსა და იმ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც წარსულში საპროექტო დაფინანსება ევროკავშირის ფონდებიდან აქვთ მიღებული.

საკანონმდებლო ინიციატივამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია სლოვენიის სამოქალაქო სექტორში, აკადემიურ წრეებსა და ოპოზიციურ პარტიებში. არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CNVOS), „8 მარტის ინსტიტუტისა“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც კრძალავს უშუალოდ კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსებას, შესაბამისად, ახალი ცვლილებების რეალური მიზანი კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და მომავალი არჩევნებიდან მათი ჩამოშორებაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ინიციატივას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და ავტორიტარულ მიდგომად აფასებენ და თავად მმართველ პარტიას ახსენებენ წარსულში უნგრეთიდან და სხვა უცხოური წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას.

დისკუსიისას კანონპროექტის ოპონენტებმა სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივა რამდენჯერმე შეადარეს საქართველოში დანერგილ საკანონმდებლო პრაქტიკას. კერძოდ, „8 მარტის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ნიკა კოვაჩმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის წინა პერიოდში სამოქალაქო აქტივობის აკრძალვის მსგავსი მეთოდები დამახასიათებელია ისეთი ავტორიტარული ქვეყნებისთვის, როგორებიცაა რუსეთი, საქართველო და ბელარუსი.

ანალოგიური პარალელი გაავლო საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა და ევროპის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა დემოკრატიის საკითხებში, მატიაჟ გრუდენმა. მისი განცხადებით, უკანონო დაფინანსების მტკიცებულებების გარეშე დაწესებული ზოგადი აკრძალვა მოგვაგონებს პუტინის რუსეთის კანონმდებლობას „უცხოური აგენტებისა“ და „მტრული ორგანიზაციების“ შესახებ, რომელიც შემდგომში მსგავსი იდეოლოგიური საფუძვლის მქონე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც, გადმოიღო.

გარდა ამისა, ინსტიტუტის - „Danes je nov dan“-ის წარმომადგენელმა მაია ციმერმანმაც ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები სწორედ რუსეთის, საქართველოსა და ყირგიზეთის მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი.