Loading data...
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დრუჟბას“ ნავთობსადენის შესამოწმებლად ადგილზე ექსპერტების გაგზავნაა საჭირო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის ვადები უკვე რამდენჯერმე გამოაცხადა. ბლანარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ექსპერტების გაგზავნა ადგილზე სიტუაციის შესამოწმებლად. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

იურაი ბლანარის თქმით, ბრატისლავამ მიიღო ინფორმაცია, რომ კიევი „დრუჟბას“ ნავთობსადენის ექვს კვირაში აღდგენის პირობას დებს. 

„თუმცა მსგავსი ვადები ადრეც არაერთხელ გამოცხადდა. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სიტუაციის უშუალოდ ადგილზე გადამოწმება ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დახმარება მილსადენზე საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში“, - აღნიშნა ბლანარმა.

ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა სლოვაკეთის, უნგრეთისა და ევროკომისიის მიერ კიევისთვის გაგზავნილი თხოვნების მიმართ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და მიიჩნევენ, რომ „უკრაინის მიდგომა მიუღებელია, რადგან ის აღვივებს სპეკულაციებს, რაც სლოვაკეთის ინტერესებში არ შედის“.