Loading data...
სლოვაკეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას შეცდომა უწოდა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ წინა მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის MiG-29 ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, შეცდომა უწოდა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

პელეგრინიმ გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს მან ბრძანება გასცა იმდროინდელი სლოვაკური MiG-29 ავიაგამანადგურებლების საბრძოლო შესაძლებლობების შენარჩუნების შესახებ, ვიდრე მათ როლს ახალი ამერიკული F-16 საბრძოლო თვითმფრინავი არ გადაიბარებდა.

„მე მაინც შეცდომად მიმაჩნია, რომ სლოვაკეთმა დაკარგა თავისი MiG-ები, რომელთა შემცვლელი იმ დროს არ ჰქონდა. არცერთი სხვა ქვეყანა არ მოქცეულა ისე, რომ საკუთარი შეიარაღების გადაცემის შემდეგ მხოლოდ მეზობლების დახმარებას დაყრდნობოდა“, - აღნიშნა მან.

პელეგრინიმ უარყო წინა სამთავრობო კოალიციის მტკიცება, რომ MiG-29 ავიაგამანადგურებლები უბრალოდ ჯართის გროვა იყო.

„ასე რომ ყოფილიყო, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა სლოვაკეთიდან უკრაინაში გაფრენას. პრემიერ-მინისტრობის დროსაც კი მქონდა შესაძლებლობა, პირადად გამომეცადა MiG-29 და თვითმფრინავს შეეძლო ყველა დავალების შესრულება“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

„როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მე არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ, ან კრიმინალურ დავებში, რომლებიც ბოლო დღეებში ავიაგამანადგურებლების ჩუქების ირგვლივ წარმოიშვა. თუმცა სლოვაკეთში მცხოვრებ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, ჰქონდა თუ არა ჰეგერის მაშინდელ მთავრობას, რომელიც პარლამენტის ნდობის გარეშე მართავდა ქვეყანას, უფლება, ჩვენი MiG-ები უკრაინისთვის გადაეცა“, - დასძინა მან.