სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას ადგენს, ასევე ამკაცრებს შვილის აყვანის წესებს

„სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას ადგენს და შვილად აყვანას ზღუდავს“, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
პელეგრინის განმარტებით, საზოგადოების განხეთქილების პირობებში, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ კონკრეტულ საკითხზე არსებობს თანხმობა პოლიტიკურ სპექტრში და საჭიროა მისი პატივისცემა.
„ამიტომ დღეს, ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო შესწორებას, რომელსაც მხარი დაუჭირა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს 90-მა დეპუტატმა“, - დაწერა პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პარლამენტმა 26 სექტემბერს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს, ასევე ითვალისწინებს ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის და სუროგაციის აკრძალვას.
რობერტ ფიცოს მთავრობის განმარტებით, საკონსტიტუციო შესწორებების მიზანი ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებაა.