Loading data...
სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხელის თქმით, მას რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება სურდა, რათა მისთვის მიუღებელი პოლიტიკა ვერ გაეგრძელებინა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებულმა იურაი ცინტულამ დაკითხვისას განაცხადა, რომ მას სურდა არა პრემიერის მოკვლა, არამედ მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება, რათა ფიცოს მისთვის მიუღებელი პოლიტიკა ვერ გაეგრძელებინა. ინფორმაციას European Pravda ავრცელებს. 

იურაი ცინტულამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს „უძლურად და იმედგაცრუებულად“ გრძნობდა და „ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებოდა“, კერძოდ კი სპეციალური პროკურატურის გაუქმებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას.

მან თქვა, რომ სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის განახლების მომხრეა. ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას ევროკავშირთან ურთიერთობაში „იუდად“ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ემოქმედა.

სასამართლოს დოკუმენტში მოყვანილია ერთი მოწმის ჩვენებაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცინტულასგან რობერტ ფიცოს შესახებ „მტრული და ბოროტი სიტყვები“ მოისმინა. მისივე თქმით, ბრალდებულს აწუხებდა ის ფაქტიც, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რუსეთთან და უნგრეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

 სასამართლო მასალების მიხედვით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა მან 13 მაისს დაიწყო. 

შეგახსენებთ, 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბრალდებულმა 71 წლის იურაი ცინტულამ რამდენჯერმე ესროლა. თავდასხმა ქუჩაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მედიის ცნობით, ამ ეტაპზე რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.