Loading data...
Sky News: აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი იტყობინება. 

აღნიშნულია, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გახდეს პირველი პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.

თუმცა, Sky News-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ უცნობია, იმყოფებიან თუ არა ერთ ოთახში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ WhatsApp-ის ხმოვან შეტყობინებაში აბუ-დაბიში მყოფ უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდთან მისი კონტაქტის შესახებ განაცხადა:

„მე ახლახან გავმართე კონსულტაცია უკრაინულ მომლაპარაკებელთა გუნდთან. მოლაპარაკებების დაწყებამდე განვიხილეთ საკითხები. ვესაუბრე დელეგაციის ხელმძღვანელს რუსტემ უმეროვს და მთელი ჩვენი გუნდი კონტაქტზე იყო. ყველას ვესაუბრეთ. ყველას ესმის, რა უნდა გაკეთდეს. განვიხილეთ საუბრის მასშტაბები, თემა და სასურველი შედეგი“.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმასაც, რომ მოლაპარაკებების ფორმატები შეიძლება განსხვავებული იყოს.

„ჯგუფი ადგილზევე განისაზღვრება და რეაგირებას მოახდენს პროცესის ფარგლებში, იმის მიხედვით, თუ როგორი დიალოგი იქნება. რადგან ეს პირველი შემთხვევაა ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ეს ამ ფორმატში ხდება“, - დასძინა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის გუნდთან მუდმივ კონტაქტს შეინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

◾უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი;

◾უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი;

◾უკრაინის სახალხო დეპუტატი დავით არახამია;

◾უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი;

◾უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი;

◾უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ოლეგ ივაშჩენკო;

◾უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია;

◾უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი;

◾უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრ პოკლადი;

◾უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.