Loading data...
სირიამ და ისრაელმა დაძაბულობის შესამსუბუქებლად აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები გამართეს

სირიამ და ისრაელმა 23 აგვისტოს იორდანიაში აშშ-ის შუამავლობით მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანიც სირიის ტერიტორიაზე ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმების შემდეგ დაძაბულობის შემსუბუქება იყო, იტყობინება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ძირითადად ფოკუსირებული იყო ისრაელის მხრიდან დარტყმების, დაკავებებისა და მიზანმიმართული ოპერაციების შეჩერების პრაქტიკულ მექანიზმებზე, ასევე, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული მოლაპარაკებების განახლებაზე, რამაც შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს უფრო ფართო სამომავლო შეთანხმებას.

შეხვედრაზე სირიამ აღნიშნა, რომ მის უშუალო პრიორიტეტად კვლავ რჩება ისრაელის ჯარების უკან დახევა იმ პოზიციებზე, რაც მათ 2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის დამხობამდე ეკავათ და 1974 წელს ძალების დაშორიშორების შესახებ მიღწეული შეთანხმების სრულად აღდგენა.

დამასკომ ასევე განუცხადა ისრაელის დელეგაციას, რომ არ მიიღებს შეთანხმებებს, რომლებიც ზღუდავს მის უფლებას, აღადგინოს და განავითაროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ან განსაზღვროს საკუთარი ალიანსები და პარტნიორობები.

სირიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობები სირიის ტერიტორიაა, თუმცა განაცხადა, რომ რეგიონის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიები ნაადრევია.

მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელსა და თურქეთს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და მათ შორის არსებული მეტოქეობის სირიის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან აცილების ძალისხმევა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად ალ-შაიბანიმ განაცხადა, დამასკოსა და იერუსალიმს შორის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები ირანთან ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა, ხოლო ისრაელის მიერ გასულ კვირას სირიის აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ სირიამ მასთან კონტაქტი მთლიანად გაწყვიტა.

მისივე თქმით, მხარეები წლის დასაწყისში ქაღალდზე „თითქმის ყველაფერზე“ შეთანხმდნენ, მათ შორის სამხრეთ სირიაში უსაფრთხოების ზონებისა და ბუფერულ ზონის შექმნაზე, სადაც მხოლოდ გაეროს ძალები იქნებოდნენ, თუმცა დამასკო ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის მზადყოფნას, შეასრულოს ეს შეთანხმება.

სირია და ისრაელი ტექნიკურად 1948 წლიდან ომში არიან. ისრაელმა სირიას გოლანის მაღლობები 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს წაართვა, მოგვიანებით კი მისი ანექსია მოახდინა, რაც შეერთებულმა შტატებმა აღიარა, თუმცა არა საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა.