სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთის ავიაბაზის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ირანული რაკეტები ევროპას, ან აშშ-ს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნიან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განმარტა, რომ აშშ-ს რეძიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ირანული რაკეტები ევროპის, ან აშშ-ის ტერიტორიას პირდაპირ საფრთხეს შეუქმნიან. ამის შესახებ სიკორსკიმ გაზეთ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეძიკოვოში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზის გამოყენება ორმხრივი შეთანხმებებით რეგულირდება.
სიკორსკის თქმით, ბაზა შექმნილია იმ რაკეტების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად, რომლებსაც შეუძლიათ, ევროპასა და შეერთებულ შტატებს საფრთხე შეუქმნან, ირანის მხრიდან კი ასეთი საფრთხე ჯერ არ ყოფილა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა პოლონეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში, მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ ვარშავას ასეთი გეგმები არ აქვს. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზეა ორიენტირებული.
„ახლა ჩვენს საზღვრებთან ომი გვაქვს, აგრესიული რუსეთი იმპერიული სახელმწიფო იდეოლოგიით, რომელიც დრონებს აგზავნის ჩვენს საჰაერო სივრცეში; ჩვენ აქ, ჩვენს გვერდით, საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა სიკორსკიმ.