სიკორსკი: ვფიქრობ, პუტინი გულწრფელი არ არის და ტრამპს დასცინის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გულწრფელი არ არის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დასცინის.
სიკორსკის თქმით, 15 მაისი, „გამოცდა“ იქნება, რადგან ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა.
„მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი გულწრფელი არ არის და დასცინის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუმცა გამოცდა ხუთშაბათს იქნება“, - განაცხადა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, „მაშინ პრეზიდენტ ტრამპს ყველა საფუძველი ექნება, შეცვალოს მიდგომა და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზეწოლას მოახდენს აგრესორზე და არა აგრესიის მსხვერპლზე“.
სტამბოლში შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სიკორსკიმ, ასევე, დასძინა, რომ ის, რაც იქ მოხდება ან არ მოხდება, ვაშინგტონი ამ ყველაფერს დაინახავს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა პოზიტიური ნაბიჯი და დაელოდა მეორე მხარის რეაქციას. ის რუსეთისთვის არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. და ეს პუტინის ბოლო შანსია, აირჩიოს ის, რასაც ამერიკელები შეთავაზებას უწოდებენ“, - დასძინა სიკორსკიმ.