Loading data...
სიკორსკი: სახიფათოა ფიქრი, რომ რუსეთისგან გეოგრაფიული დაშორება ქვეყნების უსაფრთხოებას ავტომატურად უზრუნველყოფს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ სახიფათოა ფიქრი, რომ რუსეთისგან გეოგრაფიული დაშორება ქვეყნების უსაფრთხოებას ავტომატურად უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პოლონელმა მინისტრმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სიკორსკის თქმით, „რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს მრავალი ასპექტი აქვს“.

სიკორსკიმ ამის მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც, მისი თქმით, ბელარუსის გავლით მიგრაციული ნაკადების გამოყენებით საზღვრის დესტაბილიზაციასა და დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს აწყდება.

„რა თქმა უნდა, გეოგრაფიას მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, ესპანეთში რუსეთის საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ, ვიდრე პოლონეთში“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, ასევე, ჩაერია ესპანეთის პოლიტიკაში კატალონიელი სეპარატისტების მხარდაჭერით.

„სახიფათოა ფიქრი, რომ მოსკოვიდან გეოგრაფიული დაშორება პუტინის გეგმებისგან, დეზინფორმაციული კამპანიებისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან, მათ შორის მკვლელობებისა და ევროპის მიწაზე თავდასხმებისგან დაგიცავთ“, - დასძინა სიკორსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი მილიონობით დოლარს ხარჯავს ევროპული საზოგადოებების პოლარიზებაზე, დაპირისპირებების გაღრმავებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჩინეთი არ შეიძლება მოკავშირედ ჩაითვალოს“, რადგან „ის ყველა შესაძლებლობაზე ცდილობს ევროპის სისუსტეების გამოყენებას“.

სიკორსკი დარწმუნებულია, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მიზანია თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,8%-ის დახარჯვა.