Loading data...
სიკორსკი: რუსეთის თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე მის გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე მის გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავს. ამის შესახებ მან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების წარდგენისას ისაუბრა, წერს European Pravda

„ალიანსს სამჯერ მეტი სამხედრო პერსონალი ჰყავს, სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი და ოთხჯერ მეტი გემი აქვს, ვიდრე რუსეთს“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, „რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ 1 300 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა“. ნატოს სამხედრო პერსონალი - დამატებითი მობილიზაციის გარეშე - კი სამ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია, რაც თითქმის სამჯერ მეტია.

„ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 45 ტრილიონ დოლარზე მეტია. რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 2,2 ტრილიონი დოლარია, ანუ 20-ჯერ ნაკლები“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ „2022 წელს ნატოს 15-მა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს, თავდაცვაზე 1,17 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ხოლო რუსეთმა - მხოლოდ 86,4 მილიარდი დოლარი, რაც თითქმის 14-ჯერ ნაკლებია“.