Loading data...
სიკორსკი: პოლონეთი უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, მაგრამ სამშვიდობო მისიას მხარს დაუჭერს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში, უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან პოლონეთის სეიმში 2025 წლის საგარეო პოლიტიკური მიზნების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება RMF24

სიკორსკიმ გაიხსენა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში, უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავს.  

„ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ მხარდაჭერას ვუცხადებთ პოტენციურ მისიას. პოლონეთის გარეშე, უკრაინის დახმარება შეუძლებელი იქნებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და განმარტა, რომ უკრაინის დახმარების მინიმუმ 80% იასენკას აეროპორტის გავლით გადის.

მისი თქმით, პოლონეთმა უკრაინას დახმარების 45 პაკეტი გადასცა და კიდევ ერთის მიწოდებას იწყებს.

„პოლონეთი, ასევე, იღებს ლოგისტიკური მხარდაჭერისა და სწავლების ტვირთს და რისკს, ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის გავლით შემოსული სამხედრო დახმარების ფარგლებში“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მან ცალკე აღნიშნა, რომ პოლონეთმა უკვე მოამზადა 30 000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიციამ“, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ, განაცხადა, რომ მომავალი „ცეცხლის შეწყვეტის“ უზრუნველსაყოფად უკრაინაში მისიის გაგზავნის გეგმაზე მუშაობენ. 

16 აპრილს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი განიხილავს უკრაინაში „სამხედრო მრჩევლების“ შესაძლო გაგზავნის საკითხს, უკრაინელი სამხედროებისთვის სწავლების ორგანიზების მიზნით.