Loading data...
სიკორსკი: დროა, ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიხვდება რუსეთის მმართველთან „მეგობრული შეთანხმების მიღწევის“ მცდელობის უშედეგობას და თავის მიდგომას შეცვლის. ამის შესახებ მან ამერიკულ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

სიკორსკის ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ დონალდ ტრამპი ადრე თუ გვიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადაწყვეტს.

„დროა, პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის. ალასკის სამიტამდე და სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, პუტინი სულ უფრო და უფრო მეტ დრონს იყენებს - ჯერ უკრაინის, ახლა კი ნატოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის დასასრულს ჩვენ ვიხილავთ სერიოზულ კოორდინირებულ ქმედებებს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, რომ რუსეთის იმპერიის აღორძინების მის ეგზოტიკურ პროექტს არანაირი შანსი არ აქვს“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, პოლონეთი პატივს სცემს რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური საშუალებებით შეჩერების მცდელობებს და, რა თქმა უნდა, ისურვებდა უკრაინისთვის სწრაფ მშვიდობას.

„მაგრამ, ჩვენი აზრით, პუტინი მხოლოდ მკაცრ ნაბიჯებზე რეაგირებს. პუტინი დიდი ხანია, ბოროტად იყენებს პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობას“, - განაცხადა სიკორსკიმ.