სიკორსკი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მასშტაბის ომისთვის, რაც ჩვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ნახეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანას მოუწოდა, მზად იყოს ომის სცენარებისთვის, რომლებიც მასშტაბით მე-20 საუკუნის დროინდელი ომების მსგავსი იქნება.
სეიმში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ უკრაინაში მიმდინარე ომსა და პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის ახალი გეოპოლიტიკური რეალობების კონტექსტში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
სიკორსკიმ გაიხსენა ევროპული დაზვერვის არაერთი წარმომადგენლის შეფასებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა, მალე გადაწყვიტოს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმა და ასევე ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, უცნაური ინციდენტებისა და დივერსიული აქტების მზარდ რაოდენობას.
მან ასევე გაიხსენა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და რუსეთის მიერ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც უკრაინისა და ნატოს დადანაშაულება სცადეს, ასევე ლუბლინის მახლობლად რკინიგზის ხაზზე განხორციელებული დივერსია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ მასშტაბის ომისთვის, „რაც ჩვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ნახეს“.
სიკორსკის თქმით, კრემლი, სავარაუდოდ, გააგრძელებს „თავისი საზღვრების გამოცდას“ და პოლონეთმა უნდა გააძლიეროს მდგრადობა ამ სიტუაციაში, მათ შორის მანიპულაციური ინფორმაციის გავლენის წინააღმდეგ.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, მხოლოდ კაპიტულაცია სურს... თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთის მხრიდან საფრთხე არა მხოლოდ არ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზრდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.