Loading data...
სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა შესაძლოა, პუტინი დააკავოს, თუ ის ტრამპთან შესახვედრად მის საჰაერო სივრცეს გამოიყენებს

პოლონეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში სამიტის დროს მის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავოს და განაცხადა, რომ თუ ის ამას გააკეთებს, შესაძლოა, პოლონეთი იძულებული გახდეს, საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი აღასრულოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„მე არ შემიძლია გარანტია გავცე, რომ პოლონეთის დამოუკიდებელი სასამართლო არ დაავალებს მთავრობას, ესკორტით გაჰყვეს ასეთ თვითმფრინავს, რათა ეჭვმიტანილი ჰააგის სასამართლოს გადასცენ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, დააკავონ პუტინი, თუ ის მათ ტერიტორიაზე ფეხს დაადგამს.

„ვფიქრობ, რუსულმა მხარემ ეს იცის. ამიტომ, თუ ეს სამიტი გაიმართება, იმედია, აგრესიის მსხვერპლის მონაწილეობით, თვითმფრინავი სხვა მარშრუტს გამოიყენებს“, - განაცხადა დიპლომატმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავზე გადაფრენის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის დელეგაციას ევროკავშირის სულ მცირე ერთი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, თუმცა უნგრეთი სასამართლოდან გასვლის პროცესშია.