Loading data...
სიიარტო: რუტეს განცხადება, რომ ნატო რუსეთის შემდეგი სამიზნეა, იმის ნიშანია, რომ ბრიუსელში ყველა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ გამოვიდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე „სამხედრო დაძაბულობის გაღვივებაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები შესაძლოა, რუსეთის შემდეგი სამიზნე გახდნენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს განცხადებები იმის ნიშანია, რომ „ბრიუსელში ყველა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ გამოვიდა“.

„თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა იმაში, ნამდვილად შეიშალა, თუ არა ბრიუსელში ყველა, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ ამაში ნატოს გენერალური მდივნის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ბერლინში. მარკ რუტემ რამდენიმე მკაცრი ფრაზა წარმოთქვა: „ჩვენ“ ვართ რუსების შემდეგი სამიზნეები, რომლებიც შეიძლება მზად იყვნენ ხუთ წელიწადში ნატოზე თავდასხმისთვის და რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა...

ამ განცხადებით ნატოს გენერალურმა მდივანმა პრაქტიკულად ზურგში დანა ჩაარტყა სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - წერს სიიარტო Facebook-ზე.

„ჩვენ, უნგრელები, როგორც ნატოს წევრები, უარვყოფთ გენერალური მდივნის სიტყვებს! ბოლოს და ბოლოს, ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიას სწორედ ნატო უზრუნველყოფს და არა უკრაინა!!! და უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის და არა ჩვენთვის.

ასეთი პროვოკაციული განცხადებები უპასუხისმგებლო და საშიშია! მოვუწოდებთ მარკ რუტეს, შეწყვიტოს საომარი დაძაბულობის გაღვივება!!!“, - დასძინა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.