სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ებრაული დღესასწაულის, ხანუქას აღნიშვნის დროს სროლა მოხდა. სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცამეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი და Times of Israel-ი ავრცელებენ.
ამჟამად პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს, ტერიტორია ნაწილობრივ არის გადაკეტილი. სიდნეის ებრაული თემის დაახლოებით 2000-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო სანაპირო ზოლში გამართულ მასობრივ ღონისძიებაში, სადაც ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის, კელი სლოუნის გამოსვლა იყო დაგეგმილი. თვითმხილველების თქმით, ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლის დროს ხალხმა მოულოდნელად გაქცევა დაიწყო, როდესაც სროლის ხმა გაისმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ერთ-ერთი სავარაუდო მსროლელი დაჭრა. ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი დაკავებულია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ოპერაცია გრძელდება. ბონდის მცხოვრებლები იუწყებიან, რომ დაახლოებით 50 გასროლის ხმა გაიგეს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლება ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ბონდის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, დაიცვან პოლიციის მითითებები“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მყოფ ხალხს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იპოვონ თავშესაფარი და ოპერაციის ზონას არ მიუახლოვდნენ.