Loading data...
სიდნეის ბონდის სანაპიროზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილ ნავიდ აკრამს ბრალი წაუყენეს - BBC

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე 14 დეკემბერს მომხდარ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი ნავიდ აკრამი 59 დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის 15 მკვლელობასა და ერთი ტერორისტული აქტის ჩადენაში. ამის შესახებ BBC წერს. 

24 წლის აკრამი ინციდენტის დროს მძიმედ დაიჭრა. მისი მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი, შემთხვევის ადგილზე პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ხანუქას დღესასწაულის პირველ დღეს მომხდარ სროლას, რომლის სამიზნეც ავსტრალიის ებრაული თემი იყო, თხუთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

ეს იყო ქვეყანაში 1996 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე სისხლიანი სროლა.

აკრამს ასევე ემუქრება 40 ბრალდება მკვლელობის განზრახვით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, ასევე ერთი ბრალდება აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლოს საჯაროდ გამოფენაში.

ახალი სამხრეთ უელსის ადგილობრივი სასამართლოს ცნობით, აკრამის პირველი მოსმენა საავადმყოფოს საწოლიდან გაიმართა. საქმის განხილვა 2026 წლის აპრილამდე გადაიდო.