სიბნელეში მომუშავე ირანის პრეზიდენტი - მასუდ პეზეშკიანი მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისკენ საკუთარი მაგალითით მოუწოდებს
ირანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაიწყო. გადაწყვეტილება ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა წარადგინა.
როგორც სახელმწიფო მედია წერს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანებამ ქვეყანაში ისედაც მძიმე ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის საჩვენებლად ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო მედია თავის ოფისში მიიწვია, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ მუშაობდა იგი სიბნელეში და გათბობის გარეშე.
ინგლისური სუბტიტრებით გავრცელებულ ვიდეოში ფეზეშკიანი ჟურნალისტს ეუბნება, რომ „ხალხმა და ჩვენ, მთავრობამ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რათა ელექტროენერგიის წარმოების პროცესი არ შეჩერდეს“.
პრეზიდენტის თქმით, სამუშაოს შესასრულებლად მთელი განათების ჩართვა საჭირო არ არის და მაგიდის სანათიც საკმარისია.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, თანამშრომლებს ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით უფრო მცირე სივრცეში გადაიყვანს.
„საწვავის მიწოდების მდგომარეობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის სექტორი იძულებული გახდება, კვირა დღიდან მოხმარების შეზღუდვები დააწესოს“, - განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას ირანის ეროვნული ელექტროენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელმა მოჰამად ალაჰდადმა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა, რეგიონის მიხედვით, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდება ყოველ ორ დღეში ერთხელ, ზოგიერთ შემთხვევაში კი დღეში ორ საათამდე.
ირანმა მსგავსი ზომები ბოლო წლებში ელექტროსადგურებში საწვავის დეფიციტის გამო შემოიღო.
პეზეშკიანის თქმით, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებმა ზამთრის წინ ენერგეტიკული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა.
„ქვეყნის გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმამ მდგომარეობა დაამძიმა და ზამთარში სირთულეებია მოსალოდნელი“, - ციტირებს მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო ISNA.
მიუხედავად იმისა, რომ ირანს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს, ქვეყანა წლებია შიდა ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს მოძველებული ელექტროქსელი და წლების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციები, რაც ნაწილობრივ დასავლეთის მრავალწლიან სანქციებს უკავშირდება.
ელექტროენერგიის განმეორებით გათიშვას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ენერგეტიკული კრიზისისა და ექსტრემალური ამინდის პირობებში ხელისუფლება იძულებული გახდა, საჯარო დაწესებულებები დაეხურა და გარკვეული მომსახურებები შეეზღუდა.
🇮🇷 Iran's president is now running his office with the lights AND heating turned off. Masoud Pezeshkian invited state television inside to show how he's cutting energy use as Iran struggles with worsening shortages. He even says staff may have to move into a smaller room when winter gets colder. Iran sits on some of the world's largest oil and gas reserves, yet its president is demonstrating how to work in the cold and dark. Quite the picture of the country's energy crisis. Writer: Oliver https://t.co/FLV3EYxErG
— Mario Nawfal (@MarioNawfal) November 21, 2026