Loading data...
სიბიგას თქმით, ლატვიის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების ჩამოვარდნის ინციდენტები რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით იყო გამოწვეული

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლატვიელ კოლეგასთან ბაიბა ბრაჟესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ლატვიის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის ინციდენტები რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ უკრაინული დრონები, რომლებმაც ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რუსეთში არსებული სამიზნეებიდან რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით განზრახ გადამისამართდნენ.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ფინეთთან მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ჩვენი სპეციალისტების პირდაპირი ჩართულობით. ჩვენი მიზანია მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ლატვიისთვის, ბალტიის სხვა ქვეყნებისთვის და ფინეთისთვის. პირველ რიგში, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის ეფექტურად გაწევით და რუსეთის სამხედრო მანქანის შესუსტებით. მეორეც, ჩვენი მეგობრების საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერების ხელშეწყობით“, - დაასკვნა სიბიგამ.