სიბიგას განცხადებით, მომავალ კვირას დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება
მომავალ კვირას დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დავოსის ფორუმში უკრაინის უმაღლესი დონის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმის ხასიათი განსაზღვრავს იმ ღონისძიებებისა და შეხვედრების თანმიმდევრობას, რომლებსაც უკრაინის დელეგაცია იქ გამართავს. უდავოდ, ყურადღება გამახვილდება უკრაინის აღდგენაზე, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის დაცვაზე, უსაფრთხოებასა და გარანტიებზე“, - აღნიშნა სიბიგამ.
ამასთან დაკავშირებით მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის დელეგაციის ყველა წევრი აქტიურად ემზადება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის, რათა „მაქსიმალურად გამოიყენონ უკრაინის დელეგაციის ყოფნა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, რაც უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად“.
„და, რა თქმა უნდა, ამერიკულ მხარესთან კონტაქტები იქნება. ამჟამად ჩვენ კონტაქტზე ვართ, რათა დავასრულოთ ფორმატი და ის შედეგები, რასაც ამერიკული მხარისგან უნდა ველოდოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.