Loading data...
სიბიგა: უკრაინა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე მუშაობს

კიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის სტრატეგია აშშ-ის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გაყვანაა.

„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა, ჩვენ მივესალმებით აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. თურქეთში შეხვედრის გაგრძელებისთვის არანაირი პირობა არ შეიძლება არსებობდეს. იქ მკაფიო შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ ამოვიღებთ ყველა ფსევდოისტორიულ ლექციას, რომელიც რუსეთის დელეგაციამ წაიკითხა“, - განაცხადა სიბიგამ.

მინისტრმა გაიხსენა, რომ მხარეები სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ და მისი განხორციელება უკვე დაწყებულია. ახლა უკრაინა ელოდება, რომ მოსკოვი სამომავლო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიევს თავის ხედვას მიაწვდის. მსგავსი დოკუმენტი კიევშიც მზადდება. მესამე პუნქტი ზელენსკის და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზებაა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეხვედრა შეიძლება გაფართოებული ფორმატით ჩატარდეს. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას შეუერთდეს და ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ ევროპა უნდა იყოს შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა სიბიგამ.

კითხვას, მიიჩნევს თუ არა უკრაინა ვატიკანს სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა.