Loading data...
სიბიგა შობის ღამეს რუსეთის იერიშებზე: არანაირი სამხედრო მიზანი - მხოლოდ რუსეთის განზრახვა, მოკლას ადამიანები იმის გამო, რომ ისინი უკრაინელები არიან

უკრაინის ქალაქებზე შობის ღამეს განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს. ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა X-ზე დაწერა.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, შობის წინა დღეს ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ხარკოვის ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მეორე - ჩერნიგოვის ოლქში. ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებში ადამიანები დაშავდნენ.

„ოდესა ამ დღეებში ყველაზე მეტად იტანჯება. რუსეთი განზრახ ანადგურებს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის გამოც ხალხი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე ყინვაში რჩება. ამას არანაირი სამხედრო მიზანი არ აქვს - ეს უბრალოდ რუსეთის განზრახვაა, მოკლას ადამიანები იმის გამო, რომ ისინი უკრაინელები არიან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი ქმედებები 1948 წლის გენოციდის შესახებ კონვენციის II მუხლის (c) ქვეპუნქტის ფარგლებში ხვდება: „ჯგუფისთვის განზრახ ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მისი ფიზიკური განადგურების სრულად, ან ნაწილობრივ გამოწვევას“.

„მოვუწოდებთ მსოფლიოს, იმოქმედოს, გაზარდოს ზეწოლა აგრესორზე და გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები საკუთარი თავისა და მისი ხალხის დასაცავად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის“, - დაასკვნა მან.