Loading data...
სიბიგა: რუსეთს, ისევე, როგორც არცერთ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება უკრაინის არჩევანზე, გაწევრიანდეს ნატოში

რუსეთს, ისევე როგორც არცერთ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში მთავრობისადმი კითხვების საათის დროს განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს რაიმე შეზღუდვას საკუთარ სუვერენიტეტთან, შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ კავშირებისა და ალიანსების არჩევის კუთხით, რომლებში გაწევრიანებასაც ცდილობს.

„დიახ, შესაძლოა, ამჟამად არ გვქონდეს კონსენსუსი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას ამის მისაღწევად. თუმცა, რუსეთს, ისევე, როგორც არცერთ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.

მისივე თქმით, უკრაინა მზადაა, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს.

„სწორედ რუსეთია, რომელიც არ არის მზად [ცეცხლის შეწყვეტისთვის] და ომისკენ ისწრაფვის. უკრაინა ე.წ. მშვიდობას ნებისმიერ ფასად არ დათანხმდება. ქვეყნის პრინციპული პოზიციები მშვიდობის პირობებთან დაკავშირებით მკაფიო და უცვლელი რჩება. პირველ რიგში, ჩვენ არ დავთანხმდებით დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიად აღიარებას. მეორეც, ჩვენ არ დავთანხმდებით უკრაინის თავდაცვის ძალების რაოდენობის სტრუქტურასა და სხვა მახასიათებლებზე რაიმე შეზღუდვას, თავდაცვის ინდუსტრიაში შეზღუდვებს, მოკავშირეების სამხედრო დახმარების, ან მათი კონტინგენტების არსებობის შეზღუდვას ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა სიბიგამ.