სიბიგა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვაზე: ეს საზარელი დანაშაული გლობალურ დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს აცნობებს დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში რუსეთის მიერ 21 ადამიანის მკვლელობის შესახებ და მათგან გადამწყვეტ რეაგირებას ელის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მინისტრმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში პენსიების რიგში მდგომ რიგით მოქალაქეებზე რუსეთის საჰაერო ძალების ბარბაროსული პირდაპირი დარტყმის შედეგად სულ მცირე 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორ ათეულზე მეტი დაიჭრა.
„ეს საზარელი დანაშაული გლობალურ დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს. მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაუყოვნებლივ გამოხატოს თავისი აზრი და იმოქმედოს. მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, დიდი ოცეულის წევრებს და ყველას, ვინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს და გაეროს ქარტიას, მიიღონ ზომები“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინა ამჟამად აცნობებს ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას ამ დანაშაულის დეტალებს.
„და ჩვენ ველით მკაცრ რეაქციას. რუსი დამნაშავეები ამ და სხვა სისასტიკისთვის სამართლიანობის წინაშე უნდა წარდგნენ. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ თითქოს დონეცკის ოლქში ხალხს „იხსნის“, სინამდვილეში კი უზარმაზარ ავიაბომბებს ესვრის იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიების მისაღებად მოვიდნენ. რუსეთს მხოლოდ სიკვდილი, საშინელება და ნგრევა მოაქვს.
კოლექტიურ და გადამწყვეტ მოქმედებას, მათ შორის დამანგრეველი სანქციებით ზეწოლას და უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობის დამატებით მხარდაჭერას, შეუძლია და უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი“, - წერს სიბიგა.
At least 21 civilians were killed and more than two dozen injured following a barbaric direct Russian strike with an air bomb on ordinary people lined up to receive pensions in the village of Yarova in the Donetsk region.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 9, 2025
This heinous crime demands worldwide condemnation and… pic.twitter.com/HrY9xL5NNb