Loading data...
სიბიგა: რუსეთი მთლიანად წარსულზეა ორიენტირებული, უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას და ცდილობს, იგივე აბსურდული მოთხოვნები წამოაყენოს, რაც სამი წლის წინ ჰქონდა - ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი „მკვეთრი განსხვავება“ გამოკვეთა. ამის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, „უკრაინა მომავლისკენ იყურება, ორიენტირებულია სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა რეალური სამშვიდობო პროცესი დაიწყოს“.

თუმცა, როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთი „მთლიანად წარსულზეა ორიენტირებული“, უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, ამის ნაცვლად „მუდმივად საუბრობს“ 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებზე და ცდილობს, „იგივე აბსურდული მოთხოვნები“ წამოაყენოს, რაც სამი წლის წინ ჰქონდა.

„ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე. მოსკოვმა ახლა უნდა გააცნობიეროს სამშვიდობო პროცესის შეფერხების შედეგები“, - წერს სიბიგა.