სიბიგა: პუტინმა წარუმატებელი ომიდან თავის დაღწევის შანსი ხელიდან გაუშვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „წარუმატებელი ომიდან თავის დაღწევის შანსი ხელიდან გაუშვა“, როდესაც უარყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება პირისპირ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
სიბიგას თქმით, პუტინის უარი რუსებისთვის ცუდი ამბავია, რადგან რუსეთისთვის სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.
„ბრძოლის ველზე დანაკარგები გაიზრდება. წარუმატებლობები სულ უფრო დამამცირებელი გახდება. ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩაიძირება. მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, გადასახადები გაიზრდება და ინფლაცია ყველაზე დაუცველებს დააზარალებს“, - დაწერა მან.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რომლებიც „უკრაინის გრძელვადიანი სანქციებისგან [დარტყმებისგან] გათავისუფლდება“. მისივე თქმით, თავდასხმების ინტენსივობა კვლავაც გაიზრდება.
„საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება. ის მხოლოდ გაძლიერდება. მათ შორის, გაყინული აქტივების გამოყენება, მოგზაურობის აკრძალვები და დანაშაულებისთვის გარდაუვალი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.
სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ „კრემლის ფანატიკოსს ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში დარჩენა“ და მზადაა, საკუთარი ქვეყნის მომავალი გაწიროს, მილიონობით ადამიანი მოკლას „თავისი გიჟური ილუზიების გამო“.
„ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ის უარს ამბობს მარტივი ჭეშმარიტების აღიარებაზე: ის ვერასდროს მიაღწევს თავის მიზნებს ბრძოლის ველზე და უმჯობესი იქნება, უარი თქვას უკრაინის სწრაფი კოლაფსის, პარტნიორების მხარდაჭერის შესუსტების, ან რუსეთზე ზეწოლის შემცირების გულუბრყვილო იმედებზე“, - დაწერა უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მაინც მოუწევს დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პირობები გაცილებით უარესი იქნება.
„პუტინის მიერ მშვიდობაზე უარის თქმას რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მოჰყვეს“, - დაასკვნა მან.
No good news for the Russians.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) June 6, 2026
By refusing President Zelenskyy’s offer for direct peace talks, Putin lost his chance to get out of his failed war.
Things will only get worse for Russia. Battlefield losses will continue to grow. Failures will get more humiliating.
The economy…