Loading data...
სიბიგა: პუტინი გულგრილია როგორც მოლაპარაკებების, ასევე ტრამპისთვის მიცემული დაპირებების მიმართ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გასულ ღამეს რუსეთის მიერ ძლიერ ყინვაში განხორციელებულ დარტყმებს იმის ნათელი დასტური უწოდა, რომ რუსეთი, ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, აგრძელებს იმის კეთებას, რაც სურს. ამის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

მისი თქმით, 3 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 450 დრონით და 60-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ასევე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები განახორციელა, რომელთა სამიზნეც ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო; ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.

„პუტინი ცივი ამინდის გამწვავებას დაელოდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური დარტყმების გასაგრძელებლად დრონები და რაკეტები მოიმარაგა. ვერც აბუ-დაბიში ამ კვირაში მოსალოდნელმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ და ვერც აშშ-ისთვის მიცემულმა დაპირებებმა ვერ შეაჩერა იგი ყველაზე მკაცრ ზამთარში ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებისგან. ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა ვაიძულოთ, შეწყვიტონ ძალადობა“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიბიგას განცხადებით, პარტნიორებს აქვთ გავლენის ინსტრუმენტები და მათი გამოყენება აუცილებელია.

„გააძლიერეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკული მდგრადობა. გაზარდეთ ზეწოლა მოსკოვზე. ჩამოართვით რუსეთის სამხედრო ძალებს ენერგეტიკული შემოსავლები და ტექნოლოგიებზე წვდომა. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთის რეჟიმი. შეაჩერეთ უკანონო რუსული ნავთობტანკერები და მოახდინეთ მათი კონფისკაცია“, - აღნიშნა სიბიგამ.

„პუტინს უნდა ჩამოერთვას ილუზიები, რომ მას შეუძლია ყველაფრის მიღწევა დაბომბვით, ტერორითა და აგრესიით“, - დასძინა მან.