სიარტო: ჩვენ ღია ვართ უკრაინასთან კარგი ურთიერთობებისთვის, მაგრამ არასდროს დავთმობთ ეროვნულ ინტერესებს, უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების მომავალი მთლიანად კიევზეა დამოკიდებული

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ უკრაინის ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკასთან პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მან კონსტრუქციული უწოდა, გაიმეორა ბუდაპეშტის ბრალდებები უკრაინის მიმართ და კვლავ განაცხადა, რომ უნგრეთი მას ევროკავშირში ვერ ხედავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი ყველა მეზობელთან, მათ შორის უკრაინასთან, კარგი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს, თუმცა „ურთიერთობები საუკეთესო ფორმაში არ არის და ამაზე სრული პასუხისმგებლობა კიევს ეკისრება“.
„ეს არ არის უნგრეთი, რომელმაც უკრაინულ უმცირესობას მშობლიური ენის გამოყენების უფლება წაართვა. ეს არ არის უნგრეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს არ არის უნგრეთი, რომელიც ცდილობს უკრაინის ჩართვას ომში მისი ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა უნგრეთის მინისტრმა.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 11 მკაფიო პუნქტი და დავამატეთ კიდევ ერთი მოთხოვნა - უკრაინამ (უნგრეთის უმცირესობას) უნდა დაუბრუნოს ყველა ის უფლება, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა. თუ ევროკავშირის ზეწოლით შესაძლებელია ანტიკორუფციული კანონების გაუქმება, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მათი გაუქმება.“, - განაცხადა პიტერ სიარტომ. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას დიდი ხანია, იმეორებს.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მან უკრაინულ მხარეს „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან ეს „რუსეთს არ აზიანებს, მაგრამ ჩვენ გვაზიანებს“ და აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ უზრუნველყოფს უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის 40%-ს და გაზის 50%-ს.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ეწინააღმდეგება უნგრეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო რეალისტურია. წევრობა მიუღებელ რისკებს მოიტანს, მათ შორის ევროკავშირის ომში ჩათრევის საფრთხეს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბუდაპეშტი მხარს უჭერს „ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს“ და მაგალითად მოიყვანა ბუდაპეშტში უნგრულ-უკრაინული ორენოვანი სკოლის გახსნა, ზაფხულის ბანაკებში 12 500 უკრაინელი ბავშვის მიღება და ტრანსკარპატიიდან ბუდაპეშტამდე და ვენამდე რკინიგზის მარშრუტების შექმნა.
სიარტომ დაასკვნა, რომ უნგრეთი ღიაა უკრაინასთან კარგი ურთიერთობებისთვის, მაგრამ „არასდროს შესწირავს ეროვნულ ინტერესებს“ და ამ ურთიერთობების მომავალი „მთლიანად კიევზეა დამოკიდებული“.
Today I met Ukraine’s Deputy PM @taraskachka in Budapest. Hungary wants good relations with all of its neighbours, including Ukraine. But our relations are not in their best shape, and the responsibility for this lies entirely with Kyiv.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 11, 2025
It was not Hungary that took away from… pic.twitter.com/9EoD6B5af9