Loading data...
სიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს „როსატომის“ მიერ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურების გაფართოებაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს.

სიარტოს თქმით, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება „არანაირად არ ზღუდავს, ან ანელებს“ უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშ II“-ის, პროექტის განხორციელებას.

მან დასძინა, რომ მომდევნო ათწლეულის დასაწყისში იგეგმება გაფართოებული ატომური ელექტროსადგურის ორივე ბლოკის ელექტროქსელთან მიერთება.

ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროკომისიის 2017 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა საინვესტიციო მხარდაჭერა უნგრეთის მთავრობის მიერ ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობისთვის.

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა იანოშ ბოკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ინვესტიცია სახელმწიფო შესყიდვების წესებს არ შეესაბამება.

„პაკშ II“-ის პროექტი, რომელიც „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას ითვალისწინებს და რომელსაც რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ განახორციელებს, უნგრეთის მთავრობამ 2022 წლის ზაფხულში დაამტკიცა.