Loading data...
სი ძინპინს სურს, ტრამპთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრა გამართოს - The Times

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სურს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრა მოაწყოს. The Times-ის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ სი ძინპინი ტრამპს სექტემბერში მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად ჩინეთში დაგეგმილ აღლუმზე დაპატიჟებს. პუტინი, რომელმაც უკვე მიიღო ჩინეთის ლიდერის მიწვევა, ასევე, დაესწრება ამ ღონისძიებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსებმა, ასევე, ჩინეთის ზოგიერთმა მოქალაქემ სი ძინპინს მოუწოდეს, ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და ტრამპთან და პუტინთან სამმხრივი სამიტი ჩაეტარებინა.

„რატომ არ უნდა დაემთხვეს ტრამპის ვიზიტი 3 სექტემბრის აღლუმს? თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთს ეწვევა და 3 სექტემბრის აღლუმს დაესწრება, ეს მსოფლიოს ძლიერ, დადებით სიგნალს გაუგზავნის. ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ერთად დგომის ამსახველმა სურათმა შესაძლოა, მშვიდობისა და სტაბილურობის ძლიერი გზავნილი გააგზავნოს“, - განაცხადა ჯინ კანრონგმა, ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნაციონალისტმა კომენტატორმა.

როგორც The Times-ი იხსენებს, ტრამპმა და სი ძინპინმა ადრეც გაუგზავნეს ერთმანეთს ვიზიტებზე მიწვევები, თუმცა თარიღები არ დაუზუსტებიათ. გაზეთი მიიჩნევს, რომ სამხედრო ღონისძიებების ფარგლებში გამართული სამიტი შეხვედრის კარგი მიზეზი იქნებოდა.

სი ძინპინი განიხილება, როგორც ყოფილი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი რუსეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საშუალება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში, ასევე, დიდი დანაკარგები განიცადა. ტაივანელმა ანალიტიკოსმა ვენ-ტი სანმა განაცხადა, რომ სექტემბრის მოვლენები ასევე სასარგებლო საშუალება იქნება იმისთვის, რომ ქვეყანამ პოლიტიკური პრობლემებისგან, მათ შორის ეკონომიკური ვარდნისგან, ყურადღება გადაიტანოს.

ტრამპისთვის, თავის მხრივ, ჩინეთში ვიზიტი და პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა ლიდერობისადმი მისი ღრმად პიროვნული მიდგომის შესაბამისი იქნება. ეს, ასევე, დაამშვიდებს როგორც სი ძინპინს, ასევე, პუტინს, რომლებმაც ნახეს, როგორ დაამცირა ტრამპმა ეროვნული ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის დროს და რომლებიც პეკინის სამიტს განიხილავენ, როგორც გზას, რათა აკონტროლონ დღის წესრიგი და პოლიტიკური გზავნილები“, - აღნიშნულია სტატიაში. 

ამავდროულად, იმავე მიზეზით, ტრამპის მრჩევლებმა შეიძლება ის დაარწმუნონ, რომ არ დათანხმდეს ამ ვიზიტს, რაც პოლიტიკური ტრიუმფი იქნება დანარჩენი ორი ლიდერისთვის, განსაკუთრებით სი ძინპინისთვის, წერს გაზეთი.

„ვფიქრობ, შანსები მცირეა. შესაძლოა, ჩინეთმა ტრამპი მიიწვიოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპი დათანხმდეს. ტრამპს შეიძლება სურდეს, თავი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დიდ ადამიანად იგრძნოს და სცენა დიდი სახელმწიფოების ორ სხვა ძლიერ ლიდერთან გაიზიაროს, მაგრამ ტრამპს ურჩევნია, მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შეხვდეს. ვერ ვხედავ, რომ ტრამპი დაინტერესებული იყოს, სი ძინპინის წვეულებაზე სამი მეგობრიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყოს“, - განაცხადა ტაივანელმა ანალიტიკოსმა ვენ-ტი სანმა.