Loading data...
შვეიცარიის პრეზიდენტმა პაპი ფრანცისკე უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მიიწვია

შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამერდმა განაცხადა, რომ გლობალური მშვიდობის სამიტზე რომის პაპი ფრანცისკე მიიწვია. ამის შესახებ მან Blick-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება European Pravda.

ამერდი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გუშინ პაპს შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს იყო „მეგობრულ ატმოსფეროში აზრთა საინტერესო გაცვლა“.   

„კერძოდ, ჩვენ უკრაინაში ომსა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა კონფლიქტებზე ვისაუბრეთ. პაპი მშვიდობის სამიტზე მოვიწვიეთ. ვატიკანი სამშვიდობო კონფერენციას ძალიან პოზიტიურად აფასებს”, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ შვეიცარიამ სამიტზე მიწვევა ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას გაუგზავნა. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს სამიტში მონაწილეობას, მით უფრო წარმატებული იქნება ის და იმედი გამოთქვა, რომ აქტივობა კარგი იქნება. 

„თუ ჩვენ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ეს უკვე რაღაცის ნიშანი იქნება. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ სამშვიდობო პროცესის კონკრეტულ ვადებში მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა ვიოლა ამერდმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

რუსეთმა განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.