Loading data...
შვეიცარია უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო ინიციატივას“ მხარს უჭერს

შვეიცარიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩინეთისა და ბრაზილიის ე.წ. „სამშვიდობო ინიციატივას“ უკრაინასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ არის მითითებული გაეროს წესდება და პირდაპირ არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნიკოლას ბიდომ განაცხადა

როგორც ბიდომ განმარტა, შვეიცარია მხარს უჭერს ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო ინიციატივას“, რადგან ის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. 

ამავე დროს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა გაეროს წესდების მითითების მნიშვნელობას უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივაში და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ უშიშროების საბჭოში გამოსვლისას ისაუბრა.

ცნობისთვის, შვეიცარია, რომელმაც უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტს ივნისში უმასპინძლა, ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე დასავლური ქვეყნიდან, რომლებიც 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩინეთისა და ბრაზილიის მიერ „სამშვიდობო ინიციატივასთან“ დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს. ჩინეთ-ბრაზილიის ინიციატივას უნგრეთმაც დაუჭირა მხარი. 

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთ-ბრაზილიის წინადადებას „დესტრუქციული“ უწოდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ის უკრაინასთან არ იყო განხილული.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა ასევე გააკრიტიკა ჩინეთ-ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმა“ და აღნიშნა, რომ მისი მონაწილეები „მშვიდობაზე საუბრისას კაპიტულაციის პირობებზე ფიქრობენ“.