Loading data...
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

„შვედეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელმაც შესაძლოა მთავრობაში პირველად მოიყვანოს ულტრამემარჯვენე პარტია ან ქვეყანა იმ ლიბერალიზმს დაუბრუნოს, რომლითაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ცნობილი“, - წერს Reuters-ი.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს შვედეთის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ასარჩევად მიდიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ეგზიტპოლის შედეგები კი უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიების ბლოკი მმართველი კოალიციის ბლოკს მცირედი უპირატესობით უსწრებს.