Loading data...
შვედეთსა და ფინეთს შორის ინტერნეტ-კაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში დაზიანდა ინტერნეტ-კაბელი, რომელიც შვედეთსა და ფინეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კაბელის დაზიანებას ფინეთში ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა მოჰყვა. ფინეთის პოლიცია დანაშაულებრივი ქმედების ვერსიას განიხილავს.

როგორც შვედეთის ტელესაკომუნიკაციო სააგენტო PTS იუწყება, ინტერნეტ-კაბელი ორ ადგილას დაზიანდა. ფინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლულუ რანემ X-ში დაწერა, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს სერიოზულად უდგება და გამოძიებას აწარმოებენ.

ფინეთის კომპანიის, GlobalConnect-ის ინფორმაციით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ის მონაკვეთი დაზიანდა, რომელიც ხმელეთზე გადის. ერთ-ერთი დაზიანებული ადგილი უკვე აღდგენილია.

ცნობისთვის, ნოემბრის შუა რიცხვებში ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელი დაზიანდა. ერთი გერმანიას და ფინეთს, მეორე კი შვედეთსა და ლიეტუვას აკავშირებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა არ გამორიცხა, რომ ეს დივერსიის შედეგი იყო.