შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის განცხადებაზე გრენლანდიის შესახებ: ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი განცხადებები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.
სტენერგარდმა ადრე მოუწოდა სიმშვიდისკენ, თუმცა, ახლა მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან სწრაფად იმოქმედონ. ეს ჩვენ ვენესუელაში ვნახეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მათ სიტყვებს და ვიმოქმედოთ ისე, რომ შედეგი ჩვენს ინტერესებში იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სტენერგარდმა, ასევე, ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და მისი პრინციპების შენარჩუნების აუცილებლობას.
„პრინციპები ფუნდამენტურია და ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ. ეს, ასევე, შვედეთის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ხშირად ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართალი თავდაცვის პირველი ხაზია. მჯერა, რომ ასე გაგრძელდება და ამიტომ ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.