Loading data...
შვედეთის პრემიერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაშია

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა ამჟამად „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაშია. ამის შესახებ მან ქალაქ სალენში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ულფ კრისტერსონმა ღონისძიებაზე შვედეთის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა. 

„შვედეთი არ არის საომარ მდგომარეობაში, მაგრამ ქვეყანაში არც მშვიდობაა. რუსული საფრთხე გრძელვადიანია. ჩვენი თავდაცვაც ასევე გრძელვადიანი უნდა იყოს“, - თქვა კრისტერსონმა.

მან აღნიშნა, რომ შვედეთი და მისი მეზობლები ამჟამად ჰიბრიდულ თავდასხმებს განიცდიან, რომლებიც „კომპიუტერების, ფულის, დეზინფორმაციისა და დივერსიული ხასიათის მუქარის მეშვეობით ხორციელდება“.

მან ასევე გაიხსენა 7 იანვარს ფინეთის ყურეში წყალქვეშა კაბელების დაზიანების სავარაუდო დივერსიული აქტი.

„შვედეთი და ჩვენი მეზობლები არ დაუშვებენ ამის გაგრძელებას”, - ხაზგასმით აღნიშნა კრისტერსონმა. ამასთან, მან დასძინა, რომ შვედეთი არ აკეთებს ნაჩქარევ დასკვნებს და არავის დაადანაშაულებს დივერსიაში საკმარისი მტკიცებულებების გარეშე.