Loading data...
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი თანამდებობიდან გადადგა

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით დადასტურდა, რომ მისი მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა“, - ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

საბოლოო მონაცემებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა გამარჯვება 50 359 ხმის უპირატესობით მოიპოვა. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ახალ პარლამენტში 176 ადგილი მიიღეს, ხოლო კრისტერსონის კოალიციურმა მთავრობამ და ულტრამემარჯვენე „შვედმა დემოკრატებმა“ 173 მანდატი მოიპოვეს.

შვედეთის ახლად არჩეული პარლამენტი 28 სექტემბერს შეიკრიბება, რათა დეპუტატებმა ფიცი დადონ და პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიონ. ახალი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები კანდიდატს კენჭს უყრიან. თუ დეპუტატების ნახევარზე მეტი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცემს ხმას, პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესს დაიწყებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, შვედეთში მთავრობის ფორმირების პროცესს, შესაძლოა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდეს.