შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის 150-მდე ავიაგამანადგურებლის მიყიდვას გეგმავს

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის Gripen-ის ავიაგამანადგურებლების მიწოდების დაწყება სამ წელიწადში შესაძლებელია. ამის შესახებ მან ლინჩეპინგში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი უკრაინისთვის გრძელვადიანი დაფინანსების ყველა შესაძლო ვარიანტის ერთობლივად შესწავლაა. ამ კონტექსტში მან ახსენა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების განხილვა.
„საუბარია უახლეს თაობაზე, რომელიც შვედეთში ახლახან წარადგინეს. წარმოება აქ ახლა იწყება. ასე რომ, პრაქტიკაში სამ წელზე ვსაუბრობთ. სწორედ მაშინ შევძლებთ მიწოდების დაწყებას“, - აღნიშნა კრისტერსონმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია 150-ვე თვითმფრინავის ერთ პარტიაში მიწოდება; ეს გრძელვადიანი პროცესია.
შესაბამისი მემორანდუმის ხელმოწერის გამოცხადებისას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის 100-150 თვითმფრინავის წარმოებისა და მიწოდების პროცესს შეიძლება 10-15 წელი დასჭირდეს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთ ღამეში ხდება. ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენს მზადყოფნას და სურვილს და ასე იწყება მთელი პროცესი“, - განაცხადა კრისტერსონმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ასეთი თანამშრომლობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას.
„ასევე ვისაუბრებთ სხვა, არაუახლესი თვითმფრინავების გამოყენების შესაძლებლობაზე. ასევე განვიხილავთ ჩვენი პილოტების მომზადებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდოდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უკრაინის მიერ „გრიპენის“ შეძენისა და თანამედროვე საჰაერო ფლოტის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. დღეს კი ეს შესაძლებლობა ღიაა; პოლიტიკურად დადებითი გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.