შვედ ჯიჰადისტს იორდანელი პილოტის ცოცხლად დაწვაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სტოკჰოლმის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შვედ ჯიჰადისტს ოსამა კ.-ს 2015 წელს სირიაში იორდანიელი პილოტის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
32 წლის ოსამა კ. დამნაშავედ ცნეს სიკვდილით დასჯაში მონაწილეობისთვის, რადგან იგი სამხედრო დაჯგუფებას ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ჩადენამდე დაეხმარა, პილოტი მეტალის გალიაში გამოეკეტათ. ეს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
„გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრალდებული სიკვდილით დასჯის ადგილას იმყოფებოდა, ფორმაში გამოწყობილი და შეიარაღებული, და საკუთარი თავის გადაღების უფლება მისცა“, - განაცხადა მოსამართლე ანა ლილენბერგ გულესჯომ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პილოტს ცეცხლი სხვა მამაკაცმა წაუკიდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ კ.-ს ჩართულობა გადამწყვეტი იყო: „ბრალდებულის ქმედებებმა იმდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსხვერპლის სიკვდილში, რომ ის დამნაშავედ უნდა ჩაითვალოს“.
კ., რომელსაც ბრალი მაისში წაუყენეს, უკვე იხდის სასჯელს 2015 წლის პარიზისა და 2016 წლის ბრიუსელის ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობისთვის. იგი დამნაშავედ ცნეს „სერიოზული ომისა და ტერორისტული დანაშაულებისთვის“ სიკვდილით დასჯის ხელშეწყობისთვის, რომელიც იმ დროს ფართოდ დაგმეს მისი სისასტიკის გამო.
პილოტი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი იორდანიის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი სირიაში 2014 წლის 24 დეკემბერს ჩამოაგდეს. ის ცოცხლად დაწვეს გალიაში, მკვლელობის ვიდეო კი საჯაროდ 2015 წლის 3 თებერვალს გავრცელდა.
მოსამართლე ლილენბერგ გულესჯოს თქმით, კ. პასუხისმგებელი იყო „მსხვერპლის დაცვაზე როგორც სიკვდილით დასჯამდე, ასევე სიკვდილით დასჯის დროს და მის გალიასთან მიყვანაზე, სადაც ის ცოცხლად დაწვეს“.
სიკვდილის ამსახველი ფოტოები ჯიჰადისტურმა ჯგუფმა ინტერნეტში გაავრცელა.
სასამართლომ ასევე დაადგინა კომპენსაციის გადახდა პილოტის მშობლებისა და და-ძმებისთვის, თითოეულისთვის 80 000 შვედური კრონის (დაახლოებით 7 200 ევროს) ოდენობით.