შრი-ლანკაში, აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი 110 კილოგრამზე მეტი კანაფის შენახვის ბრალდებით დააკავეს
შრი-ლანკის ხელისუფლების განცხადებით, დედაქალაქ კოლომბოს საერთაშორისო აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი 110 კილოგრამზე მეტი კანაფის შენახვისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს ამ ტერმინალის არსებობის ისტორიაში, ნარკოტიკული საშუალების ამოღების უმსხვილესი ოპერაციაა.
პოლიციის ცნობით, ოპერაცია შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა.
ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება 3.45 მილიონ დოლარს აჭარბებს.
სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკები ბარგში, სპეციალურად მოდიფიცირებული, ორმაგი ჯიბეების გამოყენებით იყო დამალული.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ბერები შემდგომი სამართლებრივი პროცედურებისა და გამოძიების მიზნით სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკაში ნარკოდანაშაულებისთვის მკაცრი სასჯელია დაწესებული.