Loading data...
შოლცი: ზუსტად უნდა გავიგოთ, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ბოროტმოქმედის მოტივების შესახებ, რათა სათანადო სისხლის სამართლებრივი ზომებით ვუპასუხოთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას ჩავიდა.

„არ არსებობს საშობაო ბაზრობაზე უფრო მშვიდობიანი და სიხარულით სავსე ადგილი. ადამიანები შობამდე რამდენიმე დღით ადრე იკრიბებიან, რათა ერთად იყვნენ, ცოტა დაისვენონ, გლინტვაინი დალიონ, ძეხვი მიირთვან. რა საშინელი დანაშაულია, ასეთი სისასტიკით დაჭრა და მოკლა იქ ამდენი ადამიანი!“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, საგანგებო სამსახურების თანამშრომლების სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებების წყალობით „ყველაზე საშინელების თავიდან აცილება მოხერხდა“.

„ახლა ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ ბოროტმოქმედის, მისი ქმედებების და მოტივების შესახებ, რათა სათანადო სისხლის სამართლებრივი ზომებით ვუპასუხოთ ამას“, - აღნიშნა შოლცმა.

ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგში გერმანიის იუსტიციის მინისტრი ფოლკერ ვისინგი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩავიდნენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გლოვის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება, ხოლო მაგდებურგის ცენტრში მდებარე საშობაო ბაზრობა აღარ გაიხსნება.