Loading data...
შოლცი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ძალისხმევა გაზარდონ. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

შოლცმა რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიშების გაძლიერების ფონზე უკრაინისთვის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო ბევრ ჩვენს მეგობარს ევროპაში, რომ შეამოწმონ თავიანთი მარაგები, ნახონ, შეუძლიათ თუ არა რაიმე სახის დახმარება“, - განაცხადა შოლცმა.

„პატრიოტის“ მართვად სარაკეტო სისტემას შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი, საკრუიზო რაკეტები და მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება.