შმიგალი: უკრაინაში არ დარჩა ელექტროსადგური, რომელზეც რუსულმა ძალებმა იერიში არ მიიტანეს
უკრაინაში არ დარჩა არცერთი ელექტროსადგური, რომელზეც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში არ მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომელიც უმაღლესმა რადამ ამ თანამდებობაზე 15 იანვარს დაამტკიცა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
მისი თქმით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად გენერაციის ათასობით მეგავატი ელექტროსისტემიდან ამოვარდა. ენერგოობიექტებზე შეტევები ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, მოდერნიზებული დრონებით და სხვა შეიარაღებით მიმდინარეობს. 2025 წელს უკრაინის ენერგეტიკაზე საერთო ჯაში 612 კომბინირებული დარტყმა განხორციელდა.
„გენერაციის ათასობით მეგავატი ელექტროსისტემიდან ამოვარდა. მსოფლიოში არავის, არასოდეს მსგავს გამოწვევასთან საქმე არ ჰქონია, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთიანი ენერგოსისტემა შენარჩუნებულია. „უკრენერგოს“ დისპეტჩერები მას აკონტროლებენ, მაგრამ იძულებულები არიან, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დენის გათიშვები მოხდეს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
მისი თქმით, ყველაზე რთული სიტუაციაა ამჟამად კიევში და კიევის ოლქში, ასევე ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ოლქებში და ფრონტისპირა რაიონებში.
„სიტუაცია ძალზე რთულია. ზოგიერთ ქალაქში და რეგიონში ზამთრისთვის მზადება თავიდანვე ჩავარდა. რაც თანამდებობაზე დამნიშნეს, ამ ორი დღის განმავლობაში დავინახე, რომ ბევრი რამე სათანადოდ არ მუშაობს. ახლა ოპერატიულ რეჟიმში წესრიგს დავამყარებთ, პროცესები უნდა დაჩქარდეს“, - განაცხადა შმიგალმა.
ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკაზე ორი მასირებული შეტევა განახორციელეს. ამის გამო კიევში და კიევის ოლქში ელექტროენერგიის და გათბობის მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებია. ასევე მოსახლეობას გათბობა არ მიეწოდება.