Loading data...
„შესანიშნავი საუბარი“ - ტრამპმა სი ძინპინთან უკრაინაში ომი განიხილა

4 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში ომი იყო.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან „შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა, რომლის დროსაც მათ არაერთი საკითხი განიხილეს.

ორი ქვეყნის ლიდერების მიერ განხილულ თემებს შორის ტრამპმა დაასახელა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი, ტაივანი, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია, ჩინეთის მიერ აშშ-სგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა და სხვა.

ახლახან დავასრულე შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. ეს იყო ხანგრძლივი და საფუძვლიანი საუბარი, რომლის დროსაც განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: ვაჭრობა, სამხედრო სფერო, აპრილში ჩემი ვიზიტი ჩინეთში, რომელსაც მოუთმენლად ველი, ტაივანი, რუსეთ-უკრაინის ომი, ირანში არსებული ვითარება, ჩინეთის მიერ აშშ-ისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა და ჩინეთის მხრიდან დამატებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა.

ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია და ჩვენ ორივე ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტობის მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობით, ბევრი პოზიტიური შედეგი იქნება მიღწეული“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.