„შემაშფოთებელია, რომ თქვენ, ასეთი წინადადების წამოყენებით, აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას“ - საარი ევროკავშირის ხელმძღვანელს აკრიტიკებს

საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, რომელშიც მკაცრად აკრიტიკებს მას „ჰამასის“ „გაძლიერებისთვის“
ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა წინადადებით, ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების შეჩერებით.
„ღრმად შემაშფოთებელია, რომ თქვენ, ასეთი წინადადების წამოყენებით, აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია და აგრძელებს საზარელი დანაშაულების ჩადენას, მაშინ როდესაც ისრაელი, ევროკავშირის დიდი ხნის პარტნიორი, ეგზისტენციალურ ომს აწარმოებს. ევროპის მიერ ისრაელისთვის ზიანის მიყენება, მაშინ როდესაც არსებობს მცდელობა ებრაელი ხალხისა და სახელმწიფოს განადგურებისა, ყველა ზნეობრივი სტანდარტის თელვაა“, - წერს საარი.
ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროკომისია ღაზაში ისრაელის ომის დროს განხორციელებული ქმედებების გამო, ულტრამემარჯვენე ისრაელელი მინისტრების მიმართ სანქციების დაწესებას და ევროკავშირისა და ისრაელის ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას განიხილავს, რომელიც სავაჭრო საკითხებს შეეხება.