Loading data...
„შემაშფოთებელი სიტყვები, რომლებიც ადასტურებს ვულგარულობის იმ უფსკრულს, რომელშიც მოსკოვის ხელმძღვანელობა ჩაეფლო“ - იტალიის საგარეო უწყება ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება რომში კონტის კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ.

კერძოდ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მხრიდან კონტის კოშკის ჩამონგრევის ფაქტზე დაცინვამ აჩვენა, თუ რამდენად დაბლა დაეშვა მოსკოვი.

იტალიის საგარეო უწყების წყაროების თქმით, ეს იყო „სამწუხარო, შემაშფოთებელი სიტყვები“, რომლებიც „ადასტურებს ვულგარულობის იმ უფსკრულს, რომელშიც მოსკოვის ხელმძღვანელობა ჩაეფლო“.

ზახაროვამ კოშკის საგანგებო მდგომარეობა უკრაინის მიმართ რომის სამხედრო მხარდაჭერას დაუკავშირა და განაცხადა, რომ „სანამ იტალიის მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვას გააგრძელებს, იტალია, მისი ეკონომიკიდან კოშკებამდე, მთლიანად დაინგრევა“.

„იტალიაში არავის, საერთოდ არავის არასდროს უფიქრია იმ ინციდენტით, ტრაგედიით გახარებაზე, ან სპეკულირებაზე, რომელშიც ჩვენ, იტალიელი ხალხი, ჯერ კიდევ ყველანი ჩართულები ვართ“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამასთან, მედიის ცნობით, ორშაბათს, 3 ნოემბერს, იტალიაში რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი ზახაროვას კომენტარების შემდეგ ოფიციალური ნოტის გადასაცემად იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კოლიზეუმის მახლობლად, რომის ცენტრში მდებარე კონტის კოშკის ნაწილი 3 ნოემბერს ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად სამი რესტავრატორი დაშავდა. მეოთხე მუშა ნანგრევების ქვეშ 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.